ფოთში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალ დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 1200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არ ფუნქციონირებდა.
ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. ის 100-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და ოთხ ასაკობრივ ჯგუფს მოემსახურება.
გახსნის ცერემონიას პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს ოკიპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ადგილობრივი ხელისუფლების და დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
,,ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აქ საძირკველი ჩავყარეთ და დღეს უკვე დასრულებულია მშენებლობა. რამდენიმე დღეში ბაღი ფუნქციონირებას დაიწყებს. 100 ბავშვზე არის გათვლილი, იმ დევნილებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონეთის საელჩოს, არამარტო ამ ბაღისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ახალი საბავშვო ბაღი პროექტის “გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე დასავლეთ საქართველოს ერთ კომპაქტურ დასახლებაში განსახლებულ დევნილთათვის“ ფარგლებში აშენდა და მისი ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს.