წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, მერი მშენებლობის დეტალებს გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი ფირმის “T.G. Junior “-ის წარმომადგენელს ბოლო მითითებებიც მისცა.
მერიის ინფორმაციით, მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ფართის შიდაკოსმეტიკური და ფასადური სამუშაოები, დასრულებულია იატაკის, კედლების და ელეტროგაყვანილობის სამუშაოები, გაკეთდა სველი წერილები, ჩასმულია კარ-ფანჯრები.
“ცენტრი მდებარეობს ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკის ადგილზე. ობიექტის გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. წყალტუბოში ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის დაარსების იდეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს ეკუთვნის. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 143 ლარი დაიხარჯა. ინოვაცნიური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იფუნქციონირებს. წყალტუბოში შეიქმნება სახალხო სივრცე, სადაც დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. ინოვაციების ცენტრში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, განავითარონ იდეები და პროექტები, რომელთა რეალიზებაშიც მათ ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი დაეხმარებათ.ცენტრში ჩამოყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში. ინოვაციების ცენტრში შესაძლებელია იქნება როგორც პრეზენტაციების გამართვა, ასევე, შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ცენტრის წარმომადგენლებთან”,-აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.