CENN მთავრობას კავკასიონის ქედზე გზების მშენებლობის ალტერნატივას სთავაზობს

1806

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მთავრობას კავკასიონის ქედზე გზების მშენებლობის ალტერნატივას სთავაზობს. ამის შესახებ “კომერსანტი” წერს.

“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ნაწილის რეაბილიტაციისა და რამდენიმე საფეხმავლო ბილიკზე საავტომობილო გზების გაყვანის თაობაზე. კერძოდ, გათვალისწინებულია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით და პანკისიდან ბაწარა-ხადორის უღელტეხილის გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი (15 კმ სიგრძის) გზების მშენებლობა. ხადორის უღელტეხილი, ზღ.დ. დაახლოებით  2,600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და, რადგან აბანოს უღელტეხილთან შედარებით 350 მეტრით დაბალია, მთავრობის აზრით, მასზე გაყვანილი გზა, ზამთარშიც მოქმედი იქნება და თუშეთში მოზამთრე მოსახლეობაც გარესამყაროს მოწყვეტილი აღარ იქნება.

საეჭვოა, რომ სახელმწიფომ შეძლოს აღნიშნულ მთიან რაიონებში თანამედროვე სტანდარტის გზების გაყვანა.მთავრობა გზების გაყვანისას სტანდარტების დაცვას რომ ვერ ახერხებს, ამას ადასტურებს თუნდაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბოლო წლებში გაყვანილი და რეაბილიტირებული გზების მაგალითებიც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობამ უნდა გამოიტანოს დასკვნა: ხომ არ ჯობია ახალი გზების გაყვანას უკვე არსებული გზების რეაბილიტაცია, სნო-ჯუთა; ბარისახო-შატილი-მუცო-არდოტი; ლეჩური-ომალო; უკანა ფშავში – შუაფხო-ვაკის სოფელი; ასევე თუშეთის შიდა გზები, როგორც ომალოდან პირიქითა ალაზნის ხეობაში სოფ. გირევის მიმართულებით, ისე გომეწრის ხეობაში და წოვათის მიმართულებით. ეს გზები, თითქმის ყოველ წელს გამოდის მწყობრიდან და შეკეთებას საჭიროებს. უნდა მოხდეს ბორბალოს მიმართულებით არსებული ბილიკების მარკირება (რომლებიც ასევე პერიოდულად შეკეთებას საჭიროებენ). სასურველი იქნება ასევე, თუ მთავრობა სამაშველო ვერტმფრენს შეიძენს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებისამებრ დასახმარებლად. ასეთი ღონისძიების განხორციელება კიდევ უფრო დატვირთავს ტურისტებითა და ვიზიტორებით ახლად შექმნილ ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკსა და მასთან ერთად პანკისი მიმართულებით გამავალ გზა-ბილიკებს.

თუ ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ობიექტურად გავიაზრებთ, გავითვალისწინებთ და ავწონ-დავწონით, გარემოს ნაკლებად დავაზიანებთ. შესაბამისად, ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ზემოთ ხსენებული მთიანი რაიონები მიმზიდველი იქნება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა – კმაყოფილი”, – ნათქვამია კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.