სოფელ კურდღელაურში თელავის მერის წარმომადგენელი მოხსნეს

689

“დააბრუნეთ გურამ ბახურაული სოფელ კურდღელაურის რწმუნებულად” – ამ მოთხოვნით თელავის სოფელ კურდღელაურის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ 24 თებერვალს, სოფელ კურდღელაურში თელავის მერის წარმომადგენლის მოხსნა გააპროტესტეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ამ კაცის დამსახურებაა, რომ სოფელში ათასი პრობლემა მოგვარდა. მისი ძალისხმევით დაიგო გზები, გაკეთდა ამბულატორია და სხვა. დღეს ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამისათვის 400-კაციანი ხელმოწერა მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ, თუმცა, თელავის მერი დღეს არ ჩამოვიდა. ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი: რატომ გაათავისუფლეს კვალიფიციური კადრი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში სოფელში ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა”, –  ამბობენ აქციის მონაწილეები.

მერის ყოფილმა წარმომადგენელმა გურამ ბახურაულმა არ იცის მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი, თუმცა, პირად საუბრებში მას კვალიფიკაციის პრობლემაზე მიუთითეს.

“გარდა ამისა, ჩემი გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ეს პოსტი დაიკავოს იმ ადამიანმა, ვინც მორჩილად ყველაფერს გააკეთებს”, – აღნიშნავს ბახურაული.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ კომისია ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების თანამდებობაზე კონკურსს ცოტა ხანში გამოაცხადებს და გურამ ბახურაულს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს.

მოსახლეობა, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, თელავის მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება.