ადიგენში, ზანავი–ჭულეს გზა მშენებლობის დასრულებიდან ათ თვეში დაზიანდა. საგარანტიო ვადა გასული არ იყო, მაგრამ, მაინც არ აღადგინეს. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.
ადიგენის მუნიციპალიტეტმა, 2016 წელს, დიდი ზანავი–პატარა ზანავი–ჭულეს გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება შპს „არალთან“, 520 ათას ლარზე გააფორმა. სამუშაოების საგარანტიო ვადა სამუშაოების ჩაბარებიდან ორი წელი იყო.
პროექტის ჩაბარებისას სამუშოების ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ სამუშაოების ღირებულების დასადგენად. მიღება–ჩაბარების აქტი პირველ ნომებერს შედგა და მასში, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ჩაბარებული სამუშაოების ღირებულებად დოკუმენტში 516 ათასი ლარია მითითებული.
პროექტის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 2017 წლის აგვისტოში გამგეობის თანამშრომლების მიერ გზის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გზის საფარი დაზიანებული იყო, კერძოდ მარცხენა ნაპირის გასწვრივ შეინიშნებოდა მრავლობითი ბზარები. ამიტომ მუნიციპალიტეტმა 29 აგვისტოს წერილობით მიმართა შემსრულებელს, რომ აღმოეფხვრა დაზიანებები. მუნიციპალიტეტმა 9 ოქტომბერს განმეორებით მოითხოვა ხარვეზების სასწრაფოდ გამოსწორება, თუმცა, შპს „არალს“ დაზიანებების გამოსწორება არ დაუწყია და აღარც გამგეობას მიუმართავს მისთვის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ „ადიგენის მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოვლენა. ამასთანავე, გამოვლენილი ხარვეზები მიმწოდებლის მიერ არ არის გამოსწორებული. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული დიდი ზანავი-პატარა ზანავი-ჭულეს გზაზე საფარი დაზიანებულია და 516 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობას მიეწოდება ხარვეზებით“.