ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობა მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს

766

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ლაითურის მოსახლეობა სოფლის გზაზე მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათ დღეს გზაც გადაკეტეს. მოსახლეობის თქმით, მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიური გადაადგილების გამო, გზა მნიშვნელოვნად ზიანდება და ჰაერის დაბინძურებასაც იწვევს.

ოზურგეთის მერის მოადგილის ოსიკო თოთობაძის თქმით, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი გზის  სამშენებლო სამუშაოების შემდგომ, აღნიშნულ გზაზე ე.წ. სასწორი დამონტაჟდება და სატვირთო მანქანების ნაწილი ცენტრალურ გზაზე გადმოინაცვლებს.

„ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სწორედ მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად დაზიანდა და ამის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა არაერთხელ გადაკეტა. მუნიციპალიტეტის მერიამ გამოძებნა ალტერნატიული გზა, რომელიც დაბის პირველ რაიონზე გადის. თუმცა, მძიმეწონიანმა მანქანებმა პრობლემები აქაც შექმნა. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია“, — აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთობაძემ.