ბათუმის მერია ქალაქის განაშენიანების ისტორიულ ზონას აფართოვებს

1089

აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვერაზე შპს ,,გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების საზღვრების შესახებ იმსჯელეს.

სევე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის უფლებამოსილების ქ. ბათუმის მერისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება.

„შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა. პირველი, ეს იყო ქალაქის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მთავრობის თავმჯდომარე სრულად იზიარებს ჩვენს პოზიციას იმის შესახებ, რომ შპს „გეოგრაფიკის“ მიერ შემოთავაზებული საზღვრები მისი მცირეოდენი კორექტირების შემდეგ ბათუმის საკრებულოზე გავიტანოთ დასამტკიცებლად. ვფიქრობ, ქალაქი და ზოგადად ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა გადადის აბსოლუტურად ახალ განზომილებაში, ეს არის ამ მიმართულებით გადადგმული ახალი ნაბიჯი. რაც შეეხება K2-ის გადმოსვლის საკითხს, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ, მერიას. მე ვითხოვე გარკვეული პერიოდი, რათა ჩამოვყალიბდეთ თუ რა სისტემით, რა ინსტრუმენტებით უზრუნველვყოფთ უკვე მერიის შიგნით პროცესის განხორციელებასა და გამჭვირვალობას” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების თაობაზე იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან. საკითხი განსახილველად ბათუმის საკრებულოსაც გადაეგზავნება.