“საზოგადოებრივი თვითმმართველობა მაქსიმალური ჩართულობის მექანიზმია”

676

დღეს “თბილისი მარიოტში” საქართველოს პარლამენტთან არსებული NDI-ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო განხილული.
კანონპროექტის მიზანი მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელებაა, რომლის საფუძველიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითი და დემოკრატიული სისტემის შექმნაა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 20 წლის განმავლობაში მოსახლეობა გადაწყვეტილება გადაწყვეტილებას არ იღებდა, რადგან ხელისუფლება ძალიან ცენტრალიზებული იყო. იგი ამას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კი არა, მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემად მიიჩნევს: “ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხი პოლიტიკასა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩაერთოს. ჩვენ ყველას აზრს გავითვალისწინებთ, მაგრამ მთავარია, რომ მთავრობის შიგნით კონსესუსი არსებობდეს. სხვა შემთხვევაში ეს რეფორმა წარმატებას ვერ მიაღწევს,”- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტზე სამინისტროებიდან შეფასებები უკვე მიიღეს. გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ისე კი არ უნდა შეიქმნას, რომ იგი სხვა კანონებთან შესაბამისობაში იყოს, არამედ ეს კანონები უნდა შევცვალოთ. რადგან ზოგჯერ არასწორი ნაბიჯით შეიძლება სულაც არ დაირღვეს კანონი: “საქართველოში მიწების პრივატიზაცია არ მომხდარა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მიწების 70% დასარეგისტრირებელია. ეს პოლიტიკური საკითხია და ვინც ამას არ აკეთებდა, იმას ემსახურებოდა, რომ ხალხი დამონებული ყოფილიყო,”- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობაა: “მათ უნდა იცოდნენ, რა რეფორმას ახორციელებს მთავრობა და რა ვადებში. უნდა იცოდნენ, რა შეიცვლება მათთვის ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში.”

თათული თოდუას განცხადებით, ეს თვითმმართველობის რეფორმაა, ამიტომ პარადოქსული იქნება, თუკი საზოგადოების ჩართულობა არ იქნება და ისევ ცენტრალურ დონეზე არ მოხდება მისი გადაწყვეტა. საიას იურისტის განცხადებით, სასურველია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართოს: “თავიდან კანონპროექტზე მუშაოება ასეთი გამჭვირვალე არ იყო. სასურველია, რომ დებატების რეჟიმში ასეთი ღია შეხვედრები ხშირად გაიმართოს,”- განაცხადა თათული თოდუამ.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო ,,სიდას” დირექტორი ზვიად დევდარიანი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა აკლია: “გავიგოთ, რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. ჩვენ ჩვენი რესურსებით ამ კვლევის ჩატარებას ვაპირებთ, რათა ეს რეფორმა საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე იყოს მორგებული. როცა რეფორმა განხორციელდება, საზოგადოებას უფრო ადვილად ავუხსნით, რომ შენ ეს გაწუხებდა, ამ რეფორმით კი ასე მოგვარდაო,”- განაცხადა ზვიად დევდარიანმა დღევანდელ შეხვედრაზე.

იხილეთ რესურსი