ახმეტის სოფელ ქვემო ალვანში მოსახლოებამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები თუშეთის ალტერნატიული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის სოსო ბაბულაიძის თქმით, მათთნ შეთანხმების გარეშე შეიქმნა პროექტი, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან შესაძლოა საქართველოს საშიშროება შეექმნას.
“ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ვფიქრობთ, ეს ქმედება იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გზა, რომლის გაყვანაც უნდა მოხდეს არის დაცული ტერიტორიები, რომლის განადგურებასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენი მოთხოვნაა, პროექტისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდეს თუშეთის პრობლემებს და არსებულ გზას”,- აღნიშნა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ სოსო ბაბულაიძემ.
პროექტის განხორციელება მთავრობის მხრიდან ცოტა ხნის წინ დაანონსდა. პროექტი რამდენიმე რეგიონს აერთიანებს, მათ შორის პანკისის ხეობიდან ახალი გზის მშენებლობას თუშეთის მიმართულებით.
გარემოსდამცველებმა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის წინააღმდეგ ონლაინპეტიცია შექმნეს. ისინი სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას ითხოვენ.