16-17 თებერვალს, ბორჯომში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციას პარლამენტის პერსსამსახური ავრცელებს.
“ჩვენი მიზანია, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა ქვეყანაში თანმიმდევრული და მდგრადი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისთვის, თვითმმართველობის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ შეხვედრაზე.
გაბუნიას თქმით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სტრატეგია აერთიანებს 4 მიზანს და 14 ამოცანას, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტის უფრო გამართულ და შედეგიან მუშაობას.
“კომიტეტისთვის, რომელიც ახორციელებს კანონშემოქმედებით პროცესს და განსაზღვრავს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კოჰეზიის პრინციპით მოქმედება, ანუ რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, საქმიანობის გაჭვირვალობა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი ხარისხის მიღწევა; კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად მიმართული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით დეცენტრალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებაზე, რომლითაც განისაზღვრება განვითარების გრძელვადიანი გეგმა”, – წერია პარლამენტის პრესსამსახურის რელიზში.
ომიტეტის სტრატეგიაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ექსპერტებმა. „მე, როგორ თვითმმართველობის ექსპერტი, სამუშაო შეხვედრამდე გავეცანი თქვენი კომიტეტის სტრატეგიას და მინდა გამოვხატო გულწრფელი აღფრთოვანება, რადგან მიმაჩნია, რომ გაქვთ ნამდვილად სწორი ხედვა რეგიონული პოლიტიკის განვითარების. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის სტატეგიის განხორციელებას, ეს ჩვენ მოგვცემს მთლიანობაში თვითმმართველობის გაძლიერების და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას, მე გთავაზობთ თანამშრომლობას“ – განაცხადა რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიზა სოფრომაძემ.
სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინტსტიტუტის“ (NDI) ორგანიზებით ჩატარდა.