თვითმმართველობის კომიტეტმა საქმიანობის ორწლიანი სტრატეგია ექსპერტებთან განიხილა

1096

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორწლიანი სტრატეგია ბორჯომში კომიტეტის წევრებმა, ექსპერტებმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს.

სტრატეგია 2018-2020 წლებში კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის მთავარ მიმართულებებს მოიცავს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ცნობით, შეხვედრა “ღია და გამჭვირვალე მმართველობის” პროგრამის ფარგლებში გაიმართა. “როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომლის ფუნქციაც საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ამ საბჭომ შეიმუშავა 2017-18 წლების სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც, კომიტეტების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება მინიმუმ ერწლიანი სამუშაო სტრატეგიის წარმოდგენაა. ჩვენ შევიმუშავეთ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 მთავარ მიმართულებას მოიცავს: კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებას, საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესებას, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქმიანობის წარმართვასა და კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებას. ამ ოთხ მიმართულებაზეა აგებული სტრატეგია, რომლის დამტკიცებასაც უახლოეს ხანში ვაპირებთ. სწორედ სტრატეგიის საბოლოო ვერსია განვიხილეთ კომიტეტის წევრებმა და ამ განხილვას ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ”, – განუცხადა ზაზა გაბუნიამ droa.ge-ს.

მისი თქმით, კომიტეტის სამოქმედო სტრატეგია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.