საბურთალოს რაიონის მე-6 ოლქის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ვახტანგ შაქარიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს და მათ რაიონში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა რაიონის მცხოვრებლებსგანსახორციელებელი პროექტების შესახებ სამოქმედო გეგმა წარუდგინა და არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა თქვა, მოსახლეობის მონაწილეობა საჭიროებების განსაზღვრისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
„დღეს ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგინეთ საქმიანობის შესახებ ანგარიში და იმ პროექტების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომლებიც ჩვენი ქალაქისა და უბნის ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის განხორციელდა და რომელთა განხორციელება მომავალშიც იგეგმება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, თუ კიდევ რისი გაკეთებაა აუცილებელი. ჩვენ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის წინაშე და აუცილებლად გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას მათთან“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
როგორც საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა აღნიშნა, მაჟორიტარის საუბნო წარმომადგენლობა ოფიციალურად იწყებს მუშაობას და ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას.