ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე ესტაკადა შენდება, რისთვისაც 15 მილიონ 297 ათას 410 ლარი დაიხარჯება. ესტაკადა ბათუმის პორტთან, ზუსტად იმ ადგილას უნდა აიგოს, სადაც წლების წინ ხიდი არსებობდა.
ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმში ავტომობილების მოძრაობის მარშრუტები დროებით იცვლება, რის შესახებაც ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
17 თებერვლიდან ქალაქიდან გამსვლელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.
”ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას: 1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი.
ნებისმიერი ზემოაღნიშნული მარშრუტით ავტოსატრანსპორტო საშუალებები, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას დაუკავშირდებიან. მოძრაობის სქემა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელი ავტოსანტანსპორტო საშუალებებისთვის.
გარდა ამისა, მოძრაობა ცალმხრივი გახდება გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიხსნება. ბოდიშს გიხდით აღნიშნული შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.” -ნათქვამია განცხადებაში.