გურიის გუბერნატორი: ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები მოწესრიგდეს

831

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ ღრმაღელის და სუფსის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გუბერნატორმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო. ინფორმაციას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩემი მიზანია, მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, მოხდეს გაზიფიცირება და წყალმომარაგების გაუმჯობესება. დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და ის პრობლემები, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ადგილობრივებს.

როგორც შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ღრმაღელეში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. მისი თქმით, უმოკლეს დროში დაიწყება სამკილომეტრიან მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების მომზადება.

გარდა ამისა, სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ ხუთკილომეტრიან გზაზე საპროექტო სამუშაოების მომზადება დაწყებულია და წლის ბოლომდე ასფალტის საფარი დაიგება. უახლოეს მომავალში ასევე, მომზადდება პროექტი, წყლის სათავე ნაგებობაზე დაიწყება სამუშაოები და 150 ოჯახი წყლით მომარაგდება. რაც შეეხება სუფსას, აქ იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობა, დამონტაჟდება ჭაბურღილი სოფელ ტაბანათში და 180-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.