ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თვითმმართველობის არჩევნებიდან გასული 100 დღე შეაჯამა და როგორც ფრაქციის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
ფრაქციის წევრის გურამ ლაცაბიძის განხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი ინიციატივები სტუდენტური ტარიფის, სკოლების 50 000 ლარით დაფინანსებისა და 100-ლარიანი ვაუჩერების შესახებ არ გაითვალისწინა
“მათ არათუ არ გაითვალისწინეს, განსახილველადაც არ გაუტანიათ ეს ინიციატივები და ამის სანაცვლოდ 100 დღის განმავლობაში მათ უკვე მოახერხეს და გაიზარდეს ხელფასები. თუ აქამდე საკრებულოს მერი და თავმჯდომარე იღებდნენ 2750 ლარს, ახალი კანონმდებლობით ისინი აიღებენ 4500 ლარს, რაც ნიშნავს, რომ 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ ორი თანამდებობის პირის შენახვა ქალაქის ბიუჯეტიდან დაგვიჯდება ნახევარ მილიონამდე, დამატებული ამას მათი ორ-ორი მოადგილე და საბოლოო ჯამში ჩვენ მათი შენახვა გვიჯდება 1 მილიონი ლარი. მხოლოდ დეკემბრის თვეში, საახალწლო პრემია დანამატების სახით მათ აიღეს 321 915 და მესამე, მათ შექმნეს დამატებითი 3 ფრაქცია, იმ ადამიანებისგან, რომლებიც, ფაქტობრივად, მათი სიით შევიდნენ საკრებულოში და ამ ფრაქციების შენახვა ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ დაგვიჯდება ასევე ნახევარ მილიონზე მეტი. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვთავაზობდით მათ ინიციატივებს, მაგალითად სტუდენტური ტარიფი, რაც სამგზავრო გადასახადის განახევრებას გულისხმობდა, მეორე 50 000 – ლარიანი დაფინანსება საჯარო სკოლებს და მესამე იყო 100-ლარიანი ვაუჩერი სოციალურად დაუცველებისათვის ზამთრის პერიოდში კომუნალური გადასახადების დასაფარად. სამწუხაროდ, ჩვენ ერთ მხრივ მივიღეთ რეალობა, სადაც არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირადი კომფორტით, მაღალი ხელფასებით, ხოლო მეორეს მხრივ არის რუსთავის უკიდურესად გაჭირვებული საზოგადოება” – განაცხადა გურამ ლაცაბიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა უპასუხა. ონიანის თქმით, ოპოზიციას აქვს საშუალება თავისი იდეები წარმოადგინოს და ამ კუთხით ღიაობაა საკრებულოში.
“ზოგადად მათ მიერ წამოყენებული ნებისმიერი ინიციატივა პოლიტიკურად უფრო მოტივირებული და არარეალურია, ვიდრე საზოგადოებაზე ორიენტირებული, რაც შეეხება ფრაქციებს, ეს არის საჭიროებიდან გამომდინარე შექმნილი და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება” – აღნიშნა ლევან ონიანმა.