შუახევში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება

595

შუახევის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგილობრივს გადაამზადებს. ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის მნიშვნელოვანია სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული- მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. მუნიციპალიტეტში 4 150 000 ლარის ღირებულების 41 პროექტია დაგეგმილი.