სამტრედიის საკრებულოში ცხრა ფრაქციიდან სამი გააუქმეს. სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ამბობს, რომ მთავრობისგან ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით შენიშვნა მიიღეს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
„იყო რაღაც შენიშვნები მთავრობისგან, რის შემდეგაც რამდენიმე ფრაქცია გაუქმდა და დარჩა მხოლოდ ექვსი,“ – თქვა ნუგზარ ჯამბურიამ, თუმცა არ დააკონკრეტა ვისგან მიიღეს „რეკომენდაცია“.
2017 წელს სამტრედიის მეოთხე მოწვევის საკრებულოში ცხრა ფრაქცია შეიქმნა. მათგან რვა მმართველ გუნდს წარმოადგენდა: „ქართული ოცნება“; „ქართული ოცნება – კონსერვატორები“; „ქართული ოცნება – მთიანისოფელი“; „ქართული ოცნება – ახალგაზრდები“; „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“; „ქართული ოცნება – მრეწველები“; „ქართული ოცნება – ერთობა“, „ქართული ოცნება – სამტრედიელები“.
შენიშვნის მიღების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ ხუთი ფრაქცია დარჩა: „ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება-მრეწველები”, ხოლო ორმა სახელი შეიცვალა:”ქართული ოცნება მწვანეები”და “სამტრედიელი პატრიოტები”.
იმის მიუხედავად, რომ იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფრო მეტი წევრია, ვიდრე სამტრედიაში, შეკვეცილი რაოდენობითაც კი, აქ ყველაზე მეტი ფრაქციაა.
სამტრედიის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 2000 ლარია, ხოლო მათი მოადგილეების შრომითი ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. ეს თანამდებობრივი სარგოც, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფრაქციების ხელმძღვანელების ხელფასებზე მაღალია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შრომითი ანაზღაურება წელიწადში 230 400 ლარს შეადგენს.