საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრი დაათვალიერა ვანის მუნიციპალიტეტში მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
მარტიდან ვანის მოსახლეობას ახალი ცენტრი მოემსახურება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს, წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი იქნება. სასწრაფო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს.