2018 წელს გორში რეგფონდიდან 6 ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქში, 2 კი სოფლებში განხორციელდება

1390

2018 წელს გორში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამისათვის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 115 830 ლარს მიიღებს. 8 პროექტიდან ქალაქ გორში 6, სოფლებში კი 2 პროექტი განხორციელდება. შესაბამისად, გამოყოფილი 4.1 მილიონიდან 2 409 386 ქალაქში დაიხარჯება, 1 706 444 ლარი კი სოფლებს მოხმარდება.

მიმდინარე წელს გორში დაგეგმილი პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ გორში, სამების ქუჩის (სტალინის გამზირიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 415,985 ლარით დაფინანსდება, ნინოშვილის ქუჩაზე ანალოგიური სამუშაოსთვის კი 730,706 ლარი დაიხარჯება. ასევე, ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი თბილისის ქუჩაზე, რისთვისაც 328,807 ლარია გამოყოფილი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაც მოხდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 254,293 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთისა და მათ მიმდებარედ სანიაღვრე წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისთვის – 495,000 ლარი.

სანიაღვრე სისტემის მოწყობა რომელაშვილების ქუჩაზე (ჩოჩიშვილის ქუჩის კვეთიდან ფერაძის ქუჩის კვეთამდე) გაგრძელდება. ასევე, დაგეგმილია ამ ქუჩის რეაბილიტაციაც, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 184,595 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიაანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც რეგფონდიდან 1,079,734 ლარით დაფინანსდება, ხოლო სოფელ მერეთის, სოფელ კოშკას და გუგუტიანთკარის საავტომობილო გზების ასფალტის საფარის მოწყობა ცენტრალურ ბიუჯეტს  626,710 ლარი დაუჯდება.