თელავის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის 1 345 038 ლარია გამოყოფილი და ის 6 მუნიციპალური პროექტის განხორციელებას მოხმარდება. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.
6 პროექტიდან 4 ქალაქ თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი მხოლოდ 2 პროექტია დაფინანსებული. შესაბამისად, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილიც სწორედ ქალაქის საჭიროებებს მოხმარდება.
მიმდინარე წელს დაგეგმილია ქალაქ თელავში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 529,112 ლარი გამოიყოფა. რეაბილიტირდება, ასევე, ქალაქ თელავში ლაღიძის ქუჩაც. ამ სამუშაოებს რეგფონდიდან 221,077 ლარი მოხმარდება. გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც 2018 წელს მოხდება და ეს სამუშაოებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 152,952 ლარით დაფინანსდება. დაგეგმილია, ასევე, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 86,550 ლარი გამოიყოფა.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს, მიმდინარე წელს სოფელ ნაფარეულში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 133,997 ლარს გამოყოფს.
მეორე პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშია დაგეგმილი, სოფელ ნასამხრალში ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაა. სამუშაოები რეგფონდიდან 221,350 ლარით დაფინანსდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.