მუნიციპალიტეტების მერებს დიმიტრი ქუმსიშვილი, ზურაბ ალავიძე და ზაზა გაბუნია შეხვდნენ

684

დღეს მუნიციპალიტეტებს მერებს ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემა იყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა სივრცითი მიმართულებით სწორად განვითარდეს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც შენობა-ნაგებობები შენდება ქაოტურად და არ არის დაცული ელემენტარული არქიტექტურული ნორმები. ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ გვქონდეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა საბოლოო მიზანია ერთის მხრივ, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობაში ნებართვის გამცემი და შემდგომში უკვე ნებართვის მაკონტროლებელი ორგანოების შესაძლებლობები, მათ შორის ცოდნის მიმართულებით, მეორე მხრივ, ასეთი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცოდეთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო მივიღოთ და ასევე მივცეთ მათ ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა მიმოიხილა და ამ საკითხზე სამომავლო მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.