გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საკურორტო ზონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებები განიხილეს. ინფორმაციას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, საუბარი შეეხო საკურორტო ზონებში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებს.
გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, პრობლემების გადაჭრას შეეცდებიან.
“მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდნირებული მუშაობით, ის პროექტები და პრობლემები, რომლებიც რეგიონისთვის და საკურორტო ზონებისთვის აქტუალურად რჩება ეტაპობრივად იქნება მოგვარებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“,- თქვა მერაბ ჭანუყვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ფანჩულიძის თქმით, შეხვედრაზე ჯგუფს უთხრეს, რომ ურეკი-შეკვეთილი-გრიგოლეთის წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის სამუშაოები ამ წლის ივნისში დასრულდება.
“ურეკი-შეკვეთილი-გრიგოლეთის წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სამუშაოები, როგორც განგვიცხადეს 2018 წლის ივნისის თვეში დასრულდება და ხელს შეუწყობს ამ საკურორტო სეზონის წარმატებულად განვითარებას. შეხვედრაზე, შევეხეთ ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხს და დაიგეგმა გარკვეული სახის ღონისძიებებიც”, – თქვა აკაკი ფანჩულიძემ.
შეხვედრას დაესწრენენ მცირე ბიზნესის, რეგიონული უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარე ადმინისტრაციაში შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლები.