თბილისის გენგეგმის პროექტს უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეისწავლიან

661

წინა სტატია

თბილისის გენგეგმის პროექტს, რომელიც “სითი ინსტიტუტი საქართველომ”, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიმუშავა, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეაფასებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მერიამ მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო კომპანია “ბიურო ჰაპოლდი” მზად არიან, გამოყონ ექსპერტები, რომლებიც დოკუმენტს შეისწავლიან.

კახა კალაძემ, ასევე, თქვა, რომ მერიამ უკვე მიმართა თხოვნით ქართველ ექსპერტებსაც იმისათვის, რომ დოკუმენტის შეფასებაში ჩაერთონ.

როგორც ცნობილია, “სითი ინსტიტუტი საქართველომ” მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო, რის შემდეგაც, 2015 წელს, კომპანიამ დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. შესრულებული სამუშაოსთვის დედაქალაქის წინა მთავრობას კომპანიისთვის 2 800 000 ლარი უნდა გადაეხადა, ხოლო დოკუმენტზე მუშაობა 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

2017 წლის დეკემბერში “სითი ინსტიტუტი საქართველო” მერიამ 145 ათასი ლარით დააჯარიმა, 2018 წლის იანვარში კი გამოაქვეყნა შენიშვნები, რომელიც დოკუმენტის მიმართ ჰქონდა. კომპანიამ შენიშვნებზე პასუხების მოსამზადებლად 45-დღიანი ვადა ითხოვა, რომელიც ჯერ არ ამოწურულა.

თუ კომპანია 45 დღეში ჩასწორებულ დოკუმენტს არ წარადგენს, მერია მას სხვა კომპანიით ჩაანაცვლებს. “ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ, გვინდა სრულყოფილი დოკუმენტი და თუკი ასეთს ვერ მივიღებთ, მაშინ ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო გამოცდილების კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ, საბოლოო ჯამში, შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიღებთ იმ გენგეგმას, რომელიც სჭირდება ქალაქს”, – განაცხადა 15 იანვარს კალაძის მოადგილე ილია ელოშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ “სითი ინსტიტუტს” ვადა ჯერ არ ამოწურვია, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა თქვა, რომ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები დოკუმენტის შესწავლას მიმდინარე კვირას უკვე დაიწყებენ.