21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, შიდა ქართლში პოლიტიკური კლიმატი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა – რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის – გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის ადგილობრივ თვითმმართველობებში უმრავლესობაში კვლავ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, გორში წინასაარჩევნო პერიოდი ერთობ დაძაბული იყო და თითქოს კონკურენტუნარიან არჩევნებს ვარაუდობდნენ, საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ მერის არჩევნებში გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა – გორის მერი ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი კოტე თავზარაშვილი გახდა, ხოლო მისი მთავარი კონკურენტი, გორის თემის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი დავით ონიაშვილი, რომელიც კენჭს „შენების მოძრაობიდან“ იყრიდა, მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.
თავზარაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 13 ოქტომბრიდან უკვე შეუდგა. რამდენიმე დღის წინ კი საკრებულოსა და მოსახლეობას მოადგილეებიც წარუდგინა. ვიცე-მერის პოსტზე ახალმა მერმა გელა კაპანაძე დაასახელა, რომელიც ამ პოზიციაზე გორის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში მუშაობდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო; გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მერის მოადგილედ ინაცვლებს ალექსი მარიამიძე. ის 2014 წლიდან შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. მერის კიდევ ერთი მოადგილე კი ეკა სუხიშვილია, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პერიოდში მერობის კანდიდატს ახლდა ყველგან და მისი მხარდამჭერთა კლუბის ხელმძღვანელად ეცნობოდა საზოგადოებას.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მასში ხუთი პარტია და ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი, თუმცა, 40-წევრიან წარმომადგენლობით ორგანოში უდიდესი უმრავლესობა – 32 წევრი მმართველი გუნდის წევრია. მათგან 24 მაჟორიტარული წესით არჩეულია, ხოლო 8 – პარტიული სიით გასული.
დარჩენილი 8 ადგილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეავსეს: 3 წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაა, 2 წევრი – ,,ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოდან“, თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს ,,შენების მოძრაობას“ და ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“.
მაჟორიტარი დეპუტატი გახდა დამოუკიდებელი კანდიდატიც, რომელმაც არჩევნები მერეთის თემში მოიგო.
40-კაციან საკრებულოში მხოლოდ შვიდი ქალია. მათგან ოთხი ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, 2 – ნაციონალური მოძრაობის წევრი და ერთიც – ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც გორის ახალარჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას უპირველესად მოუწევს, საკადრო საკითხებია. როგორც ცნობილია, ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს შემცირება მოუწევთ. მათ გასაუბრებები შესაბამის კომისიასთან არჩევნებამდე გაიარეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალმა მერმა უნდა მიიღოს, თუმცა, ჯერჯერობით, მოხელეთა დანიშვნები არ მომხდარა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები საჯარო სამსახურის ბიუროს დასტურს ელოდებიან, რის შემდეგაც მოხდება ამ ორ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილის მობილობის წესით ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტში გადაყვანა, ნაწილი კი სამსახურს დაემშვიდობება და, კანონის თანახმად, ფულად კომპანსაციას მიიღებს.
რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს. კასპში მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი მანუჩარ მერებაშვილი გახდა.
ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 34 წევრია. მათგან 28 ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია – 19 მაჟორიტარული წესით არჩეული და 9 – პროპორციულით. ოპოზიციას კი მხოლოდ 6 წევრი. საკრებულოში, მმართველ პარტიასთან ერთად, 4 პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი მოხვდა: 2-2 წევრი ჰყავთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ , ხოლო თითო წარმომადგენელი ჰყავს ,,ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ და ,,შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტიას“.
რაც შეეხება ქალთა რაოდენობას, 34 წევრიდან მხოლოდ სამია ქალი და სამივე მმართველი გუნდის წარმომადგენელია.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი კვლავ ზაზა გულიაშვილი გახდა. ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 33 წევრიდან 25 მმართველი გუნდიდანაა. მათგან 16 მაჟორიტარია და 9 – პროპორციული წესით არჩეული. 5 ოპოზიციურ პარტიას ერთად კი საკრებულოში მხოლოდ 8 ადგილი ერგო: 4 წევრი ჰყავს ,,ერთიან ნაციონალურ მოძარობას“ და თითო წარმომადგენელი ,, ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, ,,ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“, ,,შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტიას“ და ,, გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობას“.
ქარელის საკრებულოში სულ სამი ქალი იქნება. აქედან 2 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია, ხოლო ერთი – ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
ხაშურში, სადაც მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდა საჭირო, გამარჯვება „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა. მან მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე დაამარცხა.
ხაშურის საკრებულოს 31 წევრიდან 22 მმართველი გუნდის წარმომადგენელია, 9 კი – ოპოზიციური პარტიების. ხაშურის წარმომადგენლობით ორგანოში ჯამში 5 პარტია და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი გავიდა. 3 წევრი ჰყავს ,,ნაციონალური მოძარობას“, 2 – 2 წევრი ,,ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ და ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, ერთი წარმომადგენელია ,,შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ და ერთიც – საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი მაჟორიტარი.
რაც შეეხება გენდერულ ბალანსს. ხაშურის საკრებულოში სულ 6 ქალია. მათგან 3 მმართველი გუნდის წარმომადგენელი, 2 – ,,ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ და ერთიც ,,შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრი.
ერთი შეხედვით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკურ სუბიექტთა სიმრავლეა, თუმცა, რეალურად, პროცესებზე გავლენის მოხდენა, სიმრავლის მიუხედავად, ძალიან გაჭირდება. ჯერჯერობით, არსებული მოცემულობით, საკრებულოებში წარმოდგენილი პარტიების დიდ ნაწილს ფრაქციის შექმნაც კი არ შეუძლია.
გორში ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატთა საჭირო რაოდენობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ყავთ. ერთი წევრი აკლდება „ევროპულ საქართველოს“ და ორ-ორი – „შენების მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. თუ ამ პარტიებიდან რომელიმე ერთმანეთთან დაწყვილებას გადაწყვეტს, მათ ფრაქციის შექმნის შანსი გაუჩნდებათ, მით უფრო, რომ რეზერვში ერთი დამოუკიდებელი დეპუტატიცაა.
გაცილებით რთულადაა საქმე კასპში, სადაც ფრაქციას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ქმნის. თითო დეპუტატი აკლდებათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“, რომელსაც, თუ „ლეიბორისტულ პარტიას“ (ის 1 წევრითაა წარმოდგენილი) დაუწყვილდება, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნება. უფრაქციოდ რჩება, ასევე, „ევროპული საქართველოც,“ რომელმაც კასპის საკრებულოში მხოლოდ 1 დეპუტატი გაიყვანა.
ქარელში ფრაქციებისთვის დეპუტატების საჭირო რაოდენობა მხოლოდ მმართველ პარტიას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. დანარჩენი ოთხი პარტია კი, რომლებსაც თითო წარმომადგენელი ჰყავს საკრებულოში, ან ერთმანეთთან უნდა დაწყვილდეს, ან ფრაქციის გარეშე გააგრძელოს საქმიანობა.
იგივე ვითარებაა ხაშურშიც – აქაც ფრაქციას მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიან. თითო წევრი აკლდებათ „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. ამიტომაც, თუ მათ ფრაქციის შექმნა სურთ, კონსულტაციები უნდა გამართონ „ლეიბორისტულ პარტიასთან“ და დამოუკიდებელ დეპუტატთან.
შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებას, ან სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოსახდენად პოზიციების შეჯერებას, ამას მათი საქმიანობა დაგვანახებს. ამ მოცემულობით, მმართველ პარტიას გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება არ გაუჭირდება. ეს კი ადგილობრივი დემოკრატიის დაკნინების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამიტომაც, ვინაიდან თვითმმართველობა მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობაა, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით გადაწყვიტონ, პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სწორედ ადგილობრივი საზოგადოების აქტიურობა რჩება.