საქართველოში გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და”ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე დაუპირისპირდებიან.
მედიასთან გაკეთებული კომენტარით, სიორიძე მეორე ტურს არელოდებოდა, თუმცა მისივე თქმით, ეს შედეგები გაერთიანებულ ბოროტებას, ანუ ოპოზიციას უკავშირდება:
სიორიძისგან განსხვავებით, უპრეცედენტოდ მიიჩნევს ასეთი მაღალიპროცენტით პირველ ტურში მიღებულ ხმებს კოტე შარაშენიძე და მიიჩნევს, რომ ეს სწორედ იმ ხალხის პასუხია სიორიძის მისამართით, ვისაც ქალაქის მერის მმართველობა არ მოსწონდა დააპროტესტებდა:
ოზურგეთში საკუთარი არჩევანი 35 ათას 639 ამომრჩეველმა გააკეთა. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 57, 21%-ია. ხმების 43, 36%-ი, სულ 14 ათას 801 ხმა სიორიძემ, 41, 87%-ი, 14 ათას 294 ხმა შარაშენიძემ მიიღო.
როგორ აფასებენ ოზურგეთელები პირველი ტურის შედეგებს და როგორია ადგილობრივების მოლოდინი მეორე ტურთან დაკავშირებით, “გურიის მოამბემ” ქუჩს გამოკითხვა ჩაატარა:
”მე ვფიქრობ, რომ მაინც დამოუკიდებელი კანდიდატი გაიმარჯვებს. არ მინდა, რომ მოქმედი მერი გავიდეს ,იმიტომ რომ უკეთესობისკენ არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით, უარესობაა. თუ ისევ მერობას ფიქრობდა, ხალხის გადამტერება უნდოდა? „
„ მე ვფიქრობ, რომ მთავრობა მეორე ტურსაც გააყალბებს, ისევე როგორც პირველს. აბა როგორ მიიღო ამდენი ხმა პირველ ტურში, როცა ვიცი ზოგადად მის მიმართ ოზურგეთელების განწყობა?! ჩემს სამეგობროში მაგას მხარს არავინ არ უჭერს“
„ვფიქრობ რომ მეორე ტურში აუცილებლად უნდა დააფიქსიროს ხალხმა მისი აზრი. მე არავისი არ მეშინია. აუცილებლად მივალ და ჩემს არჩევანს გავაკეთებ.“
„არც ერთი მთავრობა ჩემს პრობლემებს არ მომიგვარებს ,მაგრამ უბრალო ხალხის მიმართ უფრო ყურადღებიანები უნდა იყვნენ. ჩვენი საშველი არასდროს იქნება“
“არჩევნებზე აუცილებლად წავალ და ჩემს აზრს დავაფიქსირებ. არ მინდა ვინმემ ჩემი ხმა მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს და არჩევნები გააყალბოს. არც ერთი მთავრობა ჩემთვის სახეირო არ ყოფილა, ყველა ჩვენთაგანს ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. მთელი ცხოვრება ვვაჭრობ და ასე ვარჩენ ოჯახს.ზამთარშიც და ზაფხულშიც ასე ქუჩაში ვარ. სახლში არავინ არაფერს არ მოგვიტანს, მაგრამ, არც იმის საშუალებას მივცემ ვინმეს, რომ ჩემი ხმა გააყალბოს“
„გაზი მე არ მაქ, წყალი მე არ მაქ, გზა მე არ მაქ, 9 ოჯახი უგაზოდ დაგვტოვეს იმიტომ, რომ კომპიუტერში სიაში ვერ მოვხვდით. არჩევნების დროს მოვხვდით და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სიაში მაინც არავის შევუყვანივართ. არჩევნებს რაც შეეხება ,იმისათვის რომ მე ხმა მივცე რომელიმე კანდიდატს, პიროვნულად ჩემთვის უნდა იყოს მისაღები. ისეთი უნდა იყოს, რომ მომისმინოს და ასეთი ელემენტარული პრობლემის მოგვარება მაინც შეძლოს. როგორია, როცა ყველა მოსახლეს ქვედა ბახვში ოჯახში გაზი აქვს შეყვანილი და ჩვენ 9 ოჯახი,რომლებიც პროექტში ვიღაცის დაუდევრობით არ მოვხვდით, გაზის ბალონების დატენვას ვერ ვუთავდებით“
„არც იმ მთავრობას გაუკეთებია რამე და არც ეს არ აკეთებს ხალხისთვის სახეიროს. იმდენ რამეს გვპირდებოდნენ და ბოლოს მოტყუებულები დავრჩით. მაგალითად, ერთი სამი წელი მაინც იქნება, რაც მთავრობა ცხემლისხიდზე უჩხუბში გზის გაკეთებას გვპირდება, მაგრამ ჯერ არავის თავი არ შეუწუხებია“.
წყარო: გურიის მოამბე