მეჭიაური არჩევნების შედეგის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს

1377

თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. ცენტრალურის საარჩევნო კომისიის მონაცემებით ის დამარცხდა, თუმცა თავად კანდიდატი ამბობს, რომ ზუსტად ერთი ხმით მოიგო და ამ შედეგს სასამართლოში დაიცავს.

მეჭიაურის ერთადერთი კონკურენტი მმართველი გუნდის წევრი ლელა ქიტესაშვილი იყო, მეჭიაური ამტკიცებს, რომ მას ხმები ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, უსამართლოდ დაუმატეს.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, თიანეთში ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, რის შედეგადაც თამაზ მეჭაურს ხმათა 49.97%, ხოლო ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 50.03% აქვს.

მიქელაძის თქმით, ცესკომ განიხილა ქართული ოცნების საჩივარი, რომელიც მეოცე საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას შეეხებოდა.

“კომისიამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, ხელახლა გადაეთვალა ბათილი ბიულეტენები. მათი რაოდენობა იყო 24 და სადავო ბიულეტენი იყო ხუთი. გადათვლის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადავო ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის ნება ნათლად იყო გამოხატული”, – განაცხადა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, თიანეთს საარჩევნო უბნების დათვლა დასრულდა.

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 10777 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 6198-მა ამომრჩეველმა (57.51%) მიიღო. აღსანიშნავია, რომ თიანეთში მერის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

წყარო: იმედინიუსი