ფინანსთა მინისტრი: 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

253

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

პროექტების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი წყაროებიდან: მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსება იქნება 1,70 მილიარდ ლარამდე; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან დაფინანსდება 420 მილიონი ლარის პროექტები; მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს 340 მილიონ ლარზე მეტ პროექტებს; საერთაშორისო პარტნიორებიდან თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტების დაფინანსება შეადგენს 170 მილიონ ლარამდე; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,730 მილიარდ ლარამდე, საიდანაც 530 მილიონ ლარამდე არის შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,220 მილიარდ ლარამდე, მათ შორის: რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მიიმართება 660 მლნ ლარზე მეტი.  აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს, თუმცა მონაკვეთების ნაწილი ექსპლუატაციაში შევა 2023 წელს; სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი; გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე მიიმართება 40 მილიონი ლარი; ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოყოფილია, ასევე, 40 მილიონი ლარი; ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და გზის მშენებლობაზე მიიმართება 220 მილიონი ლარი; კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობაზე გამოყოფილია 190 მლნ ლარამდე; წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 530 მლნ ლარამდე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 450 მილიონი ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გათვალისწინებულია 250 მილიონ ლარზე მეტი; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გაზიფიცირების სამუშაოებზე გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი; მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 50 მილიონ ლარზე მეტი.