ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილება, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იმართება, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნებს.
“რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ პროექტებს, ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, ვინც მუშაობას გააგრძელებენ. ამას ყველაფერს წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ და ასევე ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებას პირველივე დღიდან დავიწყებთ”, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
“სწორედ თქვენი მეშვეობით ხდებოდა იმ ინფორმაციის მოწოდება საზოგადოებისთვის, თუ რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში”, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი