ტყეები, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაში. არამერქნული რესურსები ქმნიან შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებს და ავითარებენ ბიზნესს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი თემების ყოფა-ცხოვრებას აუმჯობესებს. თუმცა, ამ ფუნქციის შესრულება მხოლოდ მდგრადი მართვის პირობებშია შესაძლებელი, რაც ტყის პროდუქტებისა და ეკოსისტემების შენარჩუნებასთან ერთად, კლიმატის ცვლილებების შერბილებასაც ითვალისწინებს.
საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მუდამ სარგებლობდნენ, თუმცა არ არსებობდა ამ პროდუქტების ლეგალური კომერციული გამოყენების ტრადიცია. ტყის ახალმა კოდექსმა 2021 წლიდან ეს სფერო სამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქცია. შეიცვალა ტყითსარგებლობის წესები, საგადასახადო კოდექსიც და არამერქნული პროდუქტების კომერციული გამოყენება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდას დაექვემდებარა.
კანონმდებლობის შემუშავებისა და აღსრულების პროცესში საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ბიზნეს-ორგანიზაციებთან დიალოგს, რისთვისაც, CENN-ის დახმარებით, ჩამოყალიბდა ასოციაცია „ტყის პროდუქტი“. სწორედ ამ ორგანიზაციამ უზრუნველყო კერძო სექტორის წარმომადგენლების მობილიზაცია სახელმწიფოსთან კონსულტაციების მიზნით. შედეგად, ახალმა სისტემამ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეღავათები გაითვალისწინა.
არამერქნულ რესურსებზე ნებართვების გაცემა შესაძლებელია მათი შეფასების (ინვენტარიზაციის) და მისი მდგრადი მოპოვების პოტენციალის განსაზღვრის (კვოტირების) საკმაოდ რთული პროცედურების საფუძველზე. აქ კი საქართველოს საჯარო, კერძო და სამეცნიერო ინსტიტუტები სერიოზულ წინააღმდეგობას – თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის სიმწირეს წააწყდნენ. „საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი მართვის სახელმძღვანელო“ სწორედ საუკეთესო ევროპული გამოცდილების ადაპტირების მიზნით შეიქმნა, რისთვისაც, CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტიზა გამოიყენა.
შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი კარგი ინტრუმენტია როგორც ლეგალური ბიზნესის სახელმწიფო მომსახურებებით უზრუნველყოფის, ასევე პოლიტიკის დაგეგმისთვის, რათა ტყის არამერქნული პროდუქტებით სარგებლობის ინტეგრირდეს ტყეების მდგრად მართვასთან. დოკუმენტის შექმნის მიზანი ტყის არამერქნული პროდუქტების არამდგრადი სარგებლობის პრევენციაა.
მეთოდოლოგია მორგებულია შემოსავლის გენერირების გაუმჯობესებაზე დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. შესაბამისად, შეიქმნება ბიზნესის კეთების მეტი შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსტიტუტები, თავის მხრივ, განახორციელებენ რესურსების სწორ შეფასებას და მონიტორინგს, როგორც ეროვნულ ასევე ადგილობრივ დონეზე. სახელმძღვანელო საბოლოო პროდუქტად არ უნდა განიხილებოდეს, ის მოქნილი და დინამიკური პროექტია და ეროვნულ თუ ადგილობრივ კონტექსტთან მეტ ადაპტირებას ექვემდებარება, რათა მას დაემატოს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც კონკრეტულად საქართველოში დაგროვდება.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.