მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამ სოფელში სპორტული დარბაზის აშენებას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფლებში სპორტული დარბაზების ასაშენებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი 3 ნოემბერს გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით მერია სამი სპორტული დარბაზის მოსაწყობი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 135 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
სატენდერო წინადადების მიხედვით, სპორტული დარბაზის მოწყობა სოფელ წერეთელში, ალგეთსა და სადახლოში იგეგმება. თითოეული დარბაზის ასაშენებელი სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარს შეადგენს.
მარნეულის სამ სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 16-დან 25 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.