მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ კასუმლოში გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გეგმავს. კასუმლოს გზის დაგების პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე ორი მონაკვეთის დაპროექტებაა გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„გზა-1 იწყება სოფლის ცენტრიდან და მიდის დასავლეთით ახალ აშენებული სკოლისკენ, გზის სიგრძე შეადგენს 330 გრძ/მ-ს. გზა-2 იწყება ასევე სოფლის ცენტრიდან და მიდის სამხრეთაღმოსავლეთისკენ გზის სიგრძე შეადგენს 450 გრძ/მ-ს. საპროექტო გზები წარმოადგენს შიდა სასოფლო გზებს საერთო სიგრძით 780 მეტრი, აღნიშნული გზები ორივე მხრიდან მჭიდროდაა დასახლებული, საცხოვრებელი სახლები და ღობეები უშუალოდ ბმაშია საპროექტო გზასთან, შესაბამისად საპროექტო გზის გეომეტრიაში დიდი ცვლილებები ვერ განხორციელდება, ვინაიდან პროექტი არ მოიცავს განსახლებას. საპროექტო გზაზე დღემდე არ ყოფილა კაპიტალური საფარი მოწყობილი (არც ასფალტბეტონი არც ცემენტბეტონი).“ – აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კასუმლოში ასფალტო-ბეტონის საფარის გზის დაგებაში 500 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ გზის დასაგებად ტენდერი 26 ოქტომბერს გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 4-დან 7 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.