ხმალაძე: ყველა სამსახური მუშაობას დაიწყებს, რომ ამოვიღოთ ის დოკუმენტაცია, სადაც „მშენ ექსპერტი“ გასცემდა დასკვნებს, მერე გვეცოდინება რამდენი ობიექტია

265

წინა სტატია

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„არაფერს გამოვრიცხავ. საგამოძიებო პროცესი ისევ გრძელდება. გუშინ მოისმინეთ ასეთი განცხადებებიც და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“,-განაცხადა ხმალაძემ.

ის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

„გიგას განცხადებას რაც შეეხება, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ძალიან კარგად მესმის მისთვის რა მძიმეა ეს ყველაფერი და ჩვენთვის ყველასთვის. განსაკუთრებით მძიმე იქნება მისთვის მუშაობის გაგრძელება და ცხადია, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია გიგას გადაწყვეტილება“,- განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, რატომ არ იმუშავა ვაკის პარკის შადრევანში ე.წ. დამიწების სისტემამ, ირაკლი ხმალაძემ უპასუხა, რომ ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ელოდებიან. ის ტრაგედიას ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირებს.

„ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, სხვა შემთხვევაში, არც ამ ტრაგედიის პირისპირ არ უნდა ვყოფილიყავით მთელი ქვეყანა. მერია გამოძიებას არ მართავს. გამოძიებას მართავენ საგამოძიებო ორგანოები და ამ კითხვაზე პასუხს ველოდებით, თუ რატომ არ იმუშავა, მაგრამ ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას“,-განაცხადა ხმალაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება უნდა განხორციელდეს, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენ ექსპერტმა“ შეასრულა.

„სულ ახლახან მივიღეთ მერისგან ეს დავალება. ყველა სამსახური მუშაობას დაიწყებს, რომ ამოვიღოთ ეს დოკუმენტაცია, სადაც ეს კომპანია გასცემდა დასკვნებს. მერე გვეცოდინება რამდენი ობიექტია, მაგრამ დავალებას თავიდან ბოლომდე შევასრულებთ. ყველა ობიექტი, სადაც დასკვნა არის დადებული, თავიდან გადამოწმდება“,-განაცხადა ხმალაძემ.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.