ეგზიტპოლის მონაცემებით, ქუთაისში მერობის პრეტენდენტებს შორის პირველ და მეორე ადგილებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავიდნენ.
“ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელმაც ეგზიტპოლების მიხედვით თვითმმართველობის არჩევნებში 56%-ით გაიმარჯვა, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მეორე ადგილზე გასული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს მადლობას უხდის. ვაშაძის თქმით, რომ არა ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და მოსყიდვის ფაქტები, ის და მისი პარტია უპირობოდ გამარჯვებულები იქნებოდნენ.
„მინდა მათ ვუთხრა, გულს ნუ გაიტეხთ, არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება და ჩვენი გამარჯვება ამ ნაბიჯით მოახლოვდა იმიტომ, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ყოფილიყო საერთოდ პოლიტიკურ რუქაზე. არა მარტო გადავრჩით, არამედ მყარად ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოდით შიშველი ხელით,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები. თუმცა მათ თქმით, ხელისუფლებამ სრულიად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, ასევე სპეცსამსახურები.
საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია კი ამბობს, რომ არჩევნებზე გავლენის მომხდენი დარღვევები არ დაფიქსირებულა.
ქუთაისის მერობის კანდიდატებიდან „ედისონ რისერჩის“ კვლევის საბოლოო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს აქვს. პირველ ადგილზეა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 56%-ით, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 26% მიიღო.
იხილეთ ეგზიტპოლის შესახებ ინფორმაცია სრულად:
ინფორმაცია Edison Research_ის ეგზიტ პოლების შესახებ
ეგზიტ პოლების კითხვარი_თბილისი_21.10.2017
ეგზიტ პოლების კითხვარი_ქუთაისი_21.10.2017
წყარო: რუსთავი 2