ნინო ბურჯანაძე: ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა

1665

ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, უპრეცედენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება.

“ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არაა მარტივი დასაფიქსირებელი, თუმცა, ჩვენი აქტივისტები, ვგულისხმობ მთლიანად “ლიდერთა საბჭოს”, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დარღვევები დააფიქსირონ. ჩვენ გვაქვს არაერთი ოქმი, სადაც დარღვევაა დაფიქსირებული, არაერთი საჩივარია დაწერილი, სადაც კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება. გაცილებით უფრო ადვილია დააფიქსირო, როდესაც პირდაპირი ზეწოლა ხდება ადამიანებზე, ან თუნდაც ფიზიკური ძალის გამოყენება, გაცილებით ძნელია დააფიქსირო, როდესაც ადამიანს ჩუმად ჯიბეში ფულს უდებენ. უპრეცედენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება. ესაა ხელისუფლება, რომელიც კადრულობს შიმშილით ზღვარზე მყოფ ადამიანებს შიშით მიაცემინოს ხმა, დაემუქროს, რომ მათ წაართმევენ იმ ელემენტარულს, რაც მათ სულდგმულობის საშუალებას აძლევს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები პრაქტიკულად ვერ ხედავენ დარღვევებს.

„როგორც ჩანს, მათთვის მთავარია ინსტრუქცია, რომელიც ამერიკის ელჩმა გასცა გუშინწინ, როდესაც განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდი, წყნარი და თანასწორუფლებიანია და ყველა ოპოზიციური პარტია ამას აპროტესტებს. როგორც ჩანს, ამ ინსტრუქციებს მიყვება ეს ორგანიზაცია. მე არ ვიცი ამჯერად ვინ დაინიშნება მაღალ თანამდებობაზე ამ ორგანიზაციიდან, ისევე როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნების დროს დაჯილდოვდა. ეს ჯილდო დიდხნიანი არ აღმოჩნდა, ახლა იმ ადამიანმა უკვე თანამდებობა დატოვა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუ ამომრჩევლების აქტივობა კიდევ უფრო არ გაიზრდება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს „კარუსელებს“ და ამის ნიშნები რეგიონებში უკვე არის.

წყარო: ინტერპრესნიუსი