70 ლარიანი მენიუ კაცზე – “ბორჯომობა 2022” 150–სტუმრიანი საზეიმო ვახშმით დასრულდება

455

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, “ბორჯომობის“ სახალხო დღესასწაულზე მოწვეულ 150 სტუმარს, ერთ ადამიანზე 70 ლარის მენიუთი გაუმასპინძლდება. საზეიმო ვახშამი ადგილობრივ ბიუჯეტს 10 500 ლარი უჯდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ბორჯომობა 2022–ის: გასამართად, აუქციონის გარეშე ტენდერი 23 აგვისტოს დასრულდა. უკონკურენტოდ გამარჯვებულ ინდ. მეწარმე დავით გოდერძიშვილთან, თავდაპირველად, 65 466,40 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულს, უნდა უზრუნველყო 100 ადამიანზე გათვლილი საზეიმო ვახშამიც, რომლის ღირებულება ერთ ადამიანზე 50 ლარი ან მეტი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ერთი ადამიანის მენიუ 70 ლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულებაში 9 სექტემბერს შესული ცვლილებით, სტუმართა 100 კაციან სიას კიდევ 50 ადამიანი დაემატა, რასაც ბორჯომის მერიაში ღონისძიებების მასშტაბურობით ხსნიან.

„ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, დღესასწაულს დაესწრება სტუმრების მეტი რაოდენობა, რაც საჭიროებს დამატებით ხარჯებს. მიზანშეწონილია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში შევიდეს ცვლილება და დაემატოს თანხა – დამატებით 50 მოწვეული სტუმრის საზეიმო ვახშმით უზრუნველყოფის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას დაამატოს საზეიმო ვახშმის ღირებულება 6490 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)“,–ვკითხულობთ დოკუმენტში.

მას შემდეგ, რაც ღონისძიებების ჩასატარებლად, ტენდერით გათვალისწინებულ ბიუჯეტს დამატებითი ხარჯი დაემატა, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 71 956,4 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ „ბორჯომობის“ ღონისძიებების ფასების ცხრილის მიხედვით, ცალკეულ მომსახურებებს შორის, ყველაზე მეტი თანხა საზეიმო ვახშამზეა გათვლილი.

„ბორჯომობა 2022“–ის საზეიმო ღონისძიებები 10 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ღონისძიება 17 სექტემბრამდე გადაიდო. წლევანდელი დღესასწაულის მთავარი მესიჯია #ჩაიფიქრესურვილი.