აუდიო-ვიზუალური ტექნიკა, კომპიუტერული მოწყობილობები –  მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ტექნიკას ყიდულობს

334

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფოტოაპარატებისა და კომპიუტერების შესყიდვისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. ორი პერსონალური კომპიუტერის, ერთი ნოუთბუქის, ოთხი გარე მყარი დისკის, ამდენივე მყარი დისკის, 8-8 ყურსასმენსა და ფლეშ მეხსიერების ბარათსა და ორ დინამიკში მარნეულის მერია 19 925 ლარის გადახდას გეგმავს.

35 191 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული ორი ფოტო აპარატის, ფოტო აპარატების ლინზების, მეხსიერების ბარათების, შტატივების, სტაბილიზატორებისა და ფოტო აპარატების ჩანთების შესყიდვისათვის.

რადიო მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა დავით ჭიკაძემ განაცხადა, რომ კომპიუტერებისა და ფოტოაპარატების შესყიდვა მერიისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის გახდა საჭირო. აცხადებს, რომ აღნიშნულ განყოფილებებში მოძველებული კომპიუტერული ტექნიკა და ფოტოაპარატებია, სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის კი ახალი ტექნიკის შეძენაა საჭირო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუდიო-ვიზუალური ტექნიკის, აქსესუარებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესყიდვის ტენდერები 7 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერებში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარგენა 14-დან 16 სექტემბრამდე პერიოდში შეუძლიათ.