„ნაცმოძრაობა“ პარკირების ჯარიმის არსებული ტარიფის შენარჩუნებას და ცვლილების ამოქმედების გადავადებას ითხოვს

274

წინა სტატია

პარკირების ჯარიმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახუთმაგდა და 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა და ცვლილების ამოქმედების გადავადება და არსებული ტარიფის შენარჩუნება მოითხოვა.

ანა გოგოლაძის განცხადებით, თბილისში, საპარკინგე ადგილებზე დიდი მოთხოვნა არსებობს, თუმცა, ამ მოთხოვნას ქალაქის პოლიტიკა ვერ პასუხობს.

მისივე თქმით, ხალხის და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, შეიქმნას ახალი და მოწესრიგდეს ძველი საპარკინგე სივრცეები.

ამასთან, გოგოლაძის განცხადებით, საკრებულოს ინიციატივით, დეველოპერებს კორპუსის მშენებლობისას მეტი საპარკინგე სივრცეების მოწყობა დაევალოთ.

“ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში გადასახადების შემცირების დაპირებით მოვიდა, ყველა სახის გადასახადი გაზარდა და დღეს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას, გაზრდილი მოსაკრებლებისა და გაზრდილი ჯარიმებით ახერხებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა მოსახლეობისგან იცლება, ღარიბდება, სოციალურად დაუცველთა რიცხვი ყოველწლიურად ათიათასობით იზრდება და მრავალი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი და გადაუჭრელი რჩება. თბილისში, როგორც ყოველდღიურად მზარდ ქალაქში, ცალსახად საპარკინგე ადგილებზე დიდი მოთხოვნა არსებობს, თუმცა, ამ მოთხოვნას ქალაქის პოლიტიკა ვერ პასუხობს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს დედაქალაქის ათ ლოკაციაზე ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეების მოწყობის დაპირება გასცა, თუმცა ამჯერადაც მოიტყუა. მისი მერობის ხუთი წლის თავზე გაზრდილი მომსახურების საფასური, გაზრდილი ჯარიმები და საპარკინგე სივრცეებში 3000 ადგილით შემცირებული რაოდენობა მივიღეთ. ჯარიმების და გადასახადების გაზრდის გამართლება ქალაქის მოწესრიგების მიზნით არის აბსურდი და კორუფციის შეფარვის მცდელობა, მაშინ როდესაც პარალელურად მერია ალტერნატივის შეთავაზებას ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ მთავრობის ამჟამინდელი გადაწყვეტილებები არა თუ მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის შექმნის მიზანს ემსახურება, არამედ ერთეული პირების ინტერესების გატარებას და გამდიდრებას.

ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ანალოგიურთან: თბილისი პარკინგი კერძო კომპანიისთვის გადასაცემად მზადდება და სწორედ ამისთვის იქმნება ყველანაირი კომფორტული პირობა, რათა კალაძესთან და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებს მომგებიანი ბიზნესი და ისევ და ისევ მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე შევსებული ბიუჯეტი დახვდეთ. პარკირების პრობლემას სჭირდება რეალური გადაწყვეტა. თბილისში არსებული 500 ათასი ავტომობილის მფლობელი მანქანით გადაადგილებაზე უარს ერთიანად ვერ იტყვის. გამოსავალი მოსახლეობისათვის ფინანსური ტვირთის ზრდა და ბიუჯეტის ჯარიმების ხარჯზე შევსება ნამდვილად არ არის. ხალხის და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, ამ ეტაპზე ინიციატივის ამოქმედების თარიღი გადავადდეს და არსებული ტარიფი შენარჩუნდეს. შეიქმნას ახალი და მოწესრიგდეს ძველი საპარკინგე სივრცეები, როგორც ამას კალაძე მოსახლეობას ჯერ მიდევ 2017 წელს დაჰპირდა და საკრებულოს ინიციატივით დეველოპერებს კორპუსის მშენებლობისას მეტი საპარკინგე სივრცეების მოწყობა დაევალოთ. ეს იქნება ყველაზე სწორი და არსებული რეალობის საპასუხო ადეკვატური ქმედება”, – აღნიშნა გოგოლაძემ.