ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 2 625 126 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
“აღმაშენებლის ქუჩა მდებარეობს ქალაქის ინდუსტრიულ ნაწილში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს ქალაქის ერთ‐ერთ ყველაზე დატვირთულ ნაწილს. გარდა ამისა, ქუჩა წარმოადგენს ერთადერთ კავშირს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახლადრეაბილიტირებული მარნეული‐ალგეთი‐ლომთაგორას საავტომობილო გზასთან, რომელიც უმოკლესი მარშრუტია წითელი ხიდისა და რუსთავის მიმართულებით, შესაბამისად, პროექტის განხორციელების შემდგომ მკვეთრად გაიზრდება ტრანსპორტის ნაკადები აღნიშნულ გზაზე. ქუჩაზე მოწყობილი საფარი დღევანდელი მდგომარეობით ამორტიზებულია, შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები, ორმოები და ალაგ-ალაგ ჯდენები. ამას ემატება ისაც, რომ წინა წლებში ქუჩაზე განხორციელებული წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაჭრილი თხრილები არ შეკეთებულა კაპიტალურად და წარმოადგენს ხრეშით შევსებულ ორმოებს“. – აღნიშნულია აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუჩაზე არ არსებობს წყალარინების ქსელიც, რაც დამატებით პრობლემას ქმნის წვიმის პერიოდში. 2 625 126 ლარად ადგილობრივ თვითმმართველობას სურს აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის დამუშავება და გატანა ნაყარში რის შემდეგაც, მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი. ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ფეხით მოსიარულეთა ბილიკი, რომლის სიგანეც 1,5 მეტრი იქნება. ასფალტის საფარის დაგება იგეგმება მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებშიც.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 17 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველი კომპანიებისათვის სატენდერო წინადადებების წარდგენა 3 სექტემბერს დაიწყო და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა დაიწყოს.