მთავრობამ “საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“ დაამტკიცა

341

საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი – „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია გრძელვადიან პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც მთავრობის ერთიან ხედვას ასახავს და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს.

“სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობა 2030 წლისთვის გაატარებს რეფორმებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის 2030 წლისთვის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის განვითარება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს. სტრატეგია სრულად შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგს და ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიაში მოცემულია ლოგიკური ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიის ხერხემალს და მისი განხორციელების მთავარ მატრიცას, სადაც ასევე წარმოდგენილია ინდიკატორები პროგრესის გასაზომად, როგორც შუალედური პერიოდის, ისე სამიზნე 2030 წლისთვის.