რა ქონებას ფლობს რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძის ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი

755

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ნინო ლაცაბიძე “ქართული ოცნებიდან” რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, თუმცა, ქონებრივი დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული: 2019-2020 წლებში, როცა ის თბილისის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყო, ჯერჯერობით ბოლო კი, ჯერ ისევ საქართველოს პარლამენტის წევრობის დროს – 2021 წლის ოქტომბერში.

ნინო ლაცაბიძე 35 წლისაა, დაბადებულია რუსთავში, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. ოჯახი ფლობს 4 უძრავ ქონებას. მათ შორის, მეუღლის, ვაჟა ბრაგვაძის სახელზე 3 ბინაა გაფორმებული, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი თავად რუსთავის მერს მიუღია მემკვიდრეობით.

რუსთავის მერის უძრავი ქონება ასე გამოიყურება: მეუღლეს, ვაჟა ბრაგვაძეს 25 000 აშშ დოლარად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 47,8 კვ.მ  ბინა 2007 წელს უყიდია; ამავე მისამართზე 25 000 აშშ დოლარად უყიდია 53,7 კვ.მ  ბინა 2016 წელს; მესამე ბინა, რომლის ფართობია 53,56 კვ.მ, რუსთავში, კოსტავას გამზირზე, მემკვიდრეობით მიუღია 2009 წელს. გარდა ამისა, ნინო ლაცაბიძისთვის 2009 წელს უჩუქებიათ 192 კვ.მ მიწის ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნატანებში (შეკვეთილში).

საგულისხმოა ის, რომ ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს მეუღლეს, ვაჟა ბრაგვაძესაც, რადგან ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრეზიდიუმის წევრია და შეკვეთილში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აღნიშნული აქვს, რომ ეს უძრავი ქონება მეუღლეს, ნინო ლაცაბიძეს კი არ აჩუქეს, არამედ ნაყიდი აქვს 10 000 აშშ დოლარად. ამ ქონებაზე ნასყიდობა უწერია თავად რუსთავის მერსაც წინა 2 დეკლარაციაში.

თავად რუსთავის მერი მოძრავ ქონებას არ ფლობს. მსუბუქი ავტომანქანა HYUNDAI SANTAFE 2014 წელს 20 000 აშშ დოლარად უყიდია მეუღლეს.

დეკლარაციის შევსების დღეს ნინო ლაცაბიძეს “თი ბი სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1438,32 ლარი ედო. ამავე ბანკში კი ორ საკრედიტო ანგარიშზე დავალიანებები ჰქონდა – 8975,85 ლარისა და 1661,26 ლარის ოდენობებით.

მეუღლეს, ვაჟა ბრაგვაძეს,თი ბი სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 809,13 ლარი ედო, ამავე ბანკის ერთ საკრედიტო ანგარიშზე 1234,82 ლარი ჰქონდა, ხოლო ორ  საკრედიტო  ანგარიშზე – 39104 აშშ დოლარისა და 1634 აშშ დოლარის დავალიანებები ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლაცაბიძეს და მის მეუღლეს ჯამში 4 სხვადასხვა საკრედიტო დავალიანება აქვთ, ცალკე, დადებული ხელშეკრულების გრაფაში, სადაც ბანკიდან გამოტანილი სესხის შესახებ ინფორმაცია უნდა ჩაწერილიყო, ვალზე არაფერია აღნიშნული და გაურკვეველია, ნინო ლაცაბიძემ და მისმა მეუღლემ როდის გამოიტანეს ეს სესხი, რა ვადით და რა ოდენობით. რუსთავის მერს ამის ჩაწერა, რატომღაც, საჭიროდ არ ჩაუთვლია.

დადებული ხელშეკრულების გრაფაში წერია მხოლოდ ის, რომ ნინო ლაცაბიძეს 2020 წელს უძრავი ქონება გაუყიდია და 16 500 აშშ დოლარის შემოსავალი მიუღია.

სესხის შესახებ ინფორმაციასაც მეუღლის, ვაჟა ბრაგვაძის, დეკლარაციიდან ვიგებთ, რომელსაც დეკლარაცია 2022 წლის აპრილში შეუვსია. ნინო ლაცაბიძეს “თი ბი სი ბანკიდან” 2018 წელს გამოუტანია 30 000 ლარის სამომხმარებლო სესხი, რომელიც აპრილში უნდა დასრულებულიყო.

თავად ვაჟა ბრაგვაძეს კი “თი ბი სი ბანკიდან” 2016 წელს გამოტანილი აქვს 60 000 აშშ დოლარისა და 5 500 აშშ დოლარის იპოთეკური სესხები და ასევე 2018 წელს – 10 100 ლარის სწრაფი სამომხმარებლო სესხი. ეს მონაცემებია ნინო ლაცაბიძის მიერ შევსებულ 2019-2020 წლების დეკლარაციებშიც.

რაც შეეხება სახელფასო შემოსავლებს.

ნინო ლაცაბიძეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან  2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2485,41 ლარის შემოსავალი მიუღია.

პარლამენტის დეპუტატად არჩევამდე ის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო და თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2020 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 35 925,81 ლარის შემოსავალი მიუღია.

გარდა ამისა, ნინო ლაცაბიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია და 2020 წლის განმავლობაში მას ამ პოზიციიდან 962,79 ლარის ანაზღაურება მიუღია.

მეუღლეს, ვაჟა ბრაგვაძეს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსია 2020 წლის განმავლობაში ამ თანამდებობიდან 57 999,32 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის თანახმად, რუსთავის მერის ოჯახი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი დეკლარაცია ნინო ლაცაბიძეს 2019 წელს აქვს შევსებული, როცა თბილისის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მაშინ ოჯახი 5 უძრავ ქონებას ფლობდა. 4 ქონება არის ის, რაც ბოლო დეკლარაციაშიც არის მითითებული. რაც შეეხება მეხუთე უძრავ ქონებას, ირკვევა, რომ ამ პერიოდში ნინო ლაცაბიძის სახელზე გაფორმებული იყო 54 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ფოთში, რომელიც მისთვის 2009 წელს უჩუქებიათ და შემდგომი, 2020 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ამ წელს 16 5000 აშშ დოლარად გაყიდა.

2019-2020 წლების დეკლარაციებში, ქონების გარდა, წერია სესხის და ხელფასიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციაც.

2018 წელს ნინო ლაცაბიძეს თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარეობიდან 30 000 ლარის შემოსავალი მიუღია, იმავე თანამდებობიდან 2019 წელს 44 220 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; ხოლო 2020 წელს – 35 925,81 ლარის შემოსავალი.