საქსტატი: იანვარ-ივნისში 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 086 ნებართვაა გაცემული

326

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი) 5 086 ნებართვაა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტი) გაცემული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნებართვების 77.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1 პროცენტი მოდის ქალაქ თბილისზე, 10.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 246.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.3 პროცენტით მეტი) 1 168 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი). დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 39.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10.1 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.