მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების შესაძენად 500 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სატენდერო წინადადების მიხედვით, პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერები 1 100 ლიტრის მოცულობის იქნება, მაქსიმალური ტვირთამწეობა კი 440 კილო უნდა ჰქონდეს. 500 000 ლარად მერია არანაკლებ 829 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვას აპირებს.
500 000 ლარად ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გადაწყვიტა. ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდაპირველად სანაგვე ურნების შესაძენად 300 000 ლარი იყო გამოყოფილი, რასაც დარჩენილი ეკონომიის ფარგლებში 200 000 ლარი დაემატა.
“რადიო მარნეულს“ შპს „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ 30 ივნისს განუცხადა, რომ პლასტმასის კონტეინერები სხვადასხვა ადგილებზე გადანაწილდება.
„სადაც ავიღებთ ძველ ურნებს, იქ ჩაიდგმევა ახალი კონტეინერები. ბევრია დაზიანებული და ნაგავმზიდი მანქანა ვერ იღებს მაგ ყველაფერს და აქედან გამომდინარე, სადაც მოითხოვს საჭიროება იქ შევცვლით“. – განაცხადა ლერი მუმლაძემ
მარნეულის მერიამ ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვისათვის ტენდერი 26 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 24 აგვისტოდან 29 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონტეინერები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.