ქალაქ თელავში ურბანული განახლების მიზნით ალაზნის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების განხორციელება. ამასთან, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებები.
“პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე, გააადვილებს აღნიშნულ არეალში თავმოყრილ სავაჭრო, სამედიცინო და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას”, – განმარტავენ მერიაში.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ენ-დი როუდი” ასრულებს. ალაზნის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 577 752 ლარი დაიხარჯება.