„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროექტის განხილვას, საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ბათუმის მერიაში საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხს მესამე სექტორი და ოპოზიცია აპროტესტებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ე.წ. სათათბირო საბჭოც, რომელიც მთლიანად თანამდებობის პირებისგან დაკომპლექტდება.
„პროცესი არ მიმდინარეობდა მონაწილეობითად, არ იყვნენ ჩართული სპეციალისტები და თუნდაც გენგეგმის ჯგუფი. არ არის განსაზღვრული საბჭოს საქმიანობის დეტალური წესი,
საბჭო კომპლექტდება სრულად მერის მიერ თანამდებობის პირებისგან, რაც ნიშნავს, რომ დაცლილი იქნება პროფესიული და დამოუკიდებელი პირებისგან.
საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ამოცანაა – ინვესტიციების მოზიდვა, რაც აჩენს საფრთხეს, რომ აღნიშნულის უკან უფრო დიდი ინტერესია. დადგენილება არეგულირებს უფრო ფართო წრეს, ვიდრე ავარიული სახლებია, მაგალითად დაუმთავრებელი მშენებლობები, რაც ცდება კანონის ფარგლებს“, – აცხადებენ მესამე სექტორში.
თავის მხრივ, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა საკრებულოს ჩართულობას ითვალისწინებს. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მას პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ექნება კონტროლის საშუალება.
„ბათუმის ტერიტორიაზე ავარიულ სახლებში, 300 ლოკაციაზე 3000-მდე ოჯახია აღრიცხული, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობს. ოთხი წლის განმავლობაში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლებისთვის ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს”,- აღნიშნა ჩიქოვანმა.