ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის მერიაში გამოცხადებული 3 – მილიონიანი ტენდერი ავარიული სახლების გამაგრებასთან დაკავშირებით კორუფციულ ნიშნებს ბადებს.
როგორც რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განმარტა, ბათუმის მერია რომელ და ვის სახლებს ჩაუტარებს რეაბილიტაციას, უცნობია. მისი თქმით, “ეჭვი ჩნდება, რომ კონკრეტული კომპანიები და მისამართებიც შერჩეულია, თუმცა რიჟვაძე- ჩიქოვანის ინტერესებზე იქნება მორგებული”.
“ქალაქ ბათუმის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი მშენებლობა, გამაგრება რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა ნაგებობის გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების შესყიდვის შესახებ.
შესყიდვის ღირებულებაა 2,999.973.00 ლარი.
აღნიშნული ტენდერი აჩენს ბევრ კითხვას, რაზეც ქალაქის მერს მოუწევს პასუხების გაცემა. მნიშვნელოვანია, ის რომ ამ ტენდერში არ არის მითითებული კონკრეტული მისამართები თუ რომელ ავარიულ სახლს უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. არცერთი ჭკუათმყოფელი კომპანია არ შევა ტენდერში, თუ არ იცის თუ რა ობიექტის მშენებლობა – რეაბილიტაციაზე არის საუბარი, მაშინ როცა ბათუმის მერიას უკვე წლებია გააჩნია ავარიული სახლების რეესტრი – 118 მისამართით, ასევე ბათუმის მერიას შესყიდული აქვს ავარიული სახლების კონკრეტული პროექტები. რატომ გამოაცხადა ,,უმისამართო“ ტენდერი აუქციონის გარეშე ქალაქის მერმა?”- განაცხადა რეზო ხარაზმა.