გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საარჩევნო უბანთან ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ჟურნალისტებს აგრესიით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას არხის ჟურნალისტები ავრცელებენ.
ჟურნალისტის, შორენა ბიჭიკაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები, კოორდინატორები და ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა წმინდაწყლისა და კარალეთის დევნილთა დასახლებაში, 100-ე უბანთან მოხდა, სადაც ,,თრიალეთის” ჟურნალისტების მიმართ უბნის გარეთ მყოფმა პირებმა აგრესია გამოხატეს. ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ეუბნებიან, რომ ჟურნალისტები ,,შენების მოძრაობის” მხარდაჭერები არიან.
არხის ჟურნალისტები ცდილობენ ის ადამიანები გამოკითხონ, რომლებიც უბნის გარშემო არიან შეკრებილები, რომლებიც მედიის წარმომადგენლების ცნობით, აგიტაციას მმართველი ძალის სასარგებლოდ ეწევიან. ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მათი არხი ,,შენების მოძრაობის” აგიტაციას ეწევა. ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატია და ,,შენების მოძრაობის” გორის ორგანიზაციის სიის პირველი ნომერია.
ჟურნალისტები საარჩევნო უბნებთან უსაფრთხო მუშაობის გარანტიას ითხოვენ.
წყარო: qartli.ge
ფოტო: qartli.ge