წინასწარი კვლევებით, ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რათა პირველივე ტურში გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ აქციებს თუ არჩევნები გაყალბდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები. მისივე თქმით, ბოლო წლებში ყველა არჩევნებთან მიმართებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ არჩევნები ტარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში და არც ერთ ანგარიშში დარღვევებზე საუბარი არ არის.
“თვითმმართველობის არჩევნებშიც ჩვენი პარტიის, სახელისუფლებო გუნდის მიზანი და მოტივაციაა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მითუმეტეს, როდესაც წინასწარი კვლევებითაც ჩვენი მონაცემებითაც, მოსახლეობაში გვაქვს დიდი მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენი უპირველესი ინტერესი არის ის, რომ გაყალბება არსად არც ერთ უბანზე არ იქნას დაშვებული და ეს ასეც იქნება. არსად მოხდება გაყალბება. არჩევნები ჩატარდება მშვიდ, დემოკრატიულ, თანაბარ და გამჭვირვალე პირობებში”, – განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი არჩევნების მე-2 ტურს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით,წინასაწარი კვლევებით, მათ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა მოსახლეობის მხარდან, რათა გაიმარჯვონ პირველივე ტურში.
“ამისთვის აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მობრძანდეს დღეს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი ქვეყნის მომავალი განვითარების სასრგებლოდ და ამ შემთხვევაში ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ პირველ ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი