2022 წლის “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, გორის მერიამ ტენდერები გამოცხადა. მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სამოქალაქო ბიუჯეტით იგეგმება:
- გორში მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერისა და მინიმოედნის მოწყობა;
- ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა;
- მღებრიანში მდინარე თეძამზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
- სათემოში სკვერის მოწყობა;
- ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი და გორში მელიქიშვილის გამზირზე მდინარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები;
- ახალდაბაში სკვერის მოწყობა;
- არბოში მინი მოედნის მოწყობა;
- პატარა გარეჯვარში სკვერის მოწყობა;
- შინდისის გმირების ქუჩა N24-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
- წმინდაწყლის დასახლებაში (მე-5 მიკრორაიონი საცხოვრებელი სახლი #10-სა და #10 ა-ს მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები.
მერიის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს “სამოქალაქო ბიუჯეტი 2023”-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესიც.
“ამ ეტაპზე, პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწარმოებენ საჭიროებების კვლევასა და კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტისთვის საინიციტივო წინადადებების მომზადების პროცესში”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2022-ის” ფარგლებში 41 პროექტი განხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილონამდე ლარია, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება.