აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა.
„დავით გაბაიძემ საკითხზე წამყვანი კომიტეტის სხდომაზე, „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენითა და მცირედი ცვლილებით, ხოლო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი, უცვლელად წარადგინა და კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. კომიტეტმა, ცვლილების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.