მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს

278

საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ მთავრობის დღის წესრიგშია საუბარი. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

“საქართველოს კანონის პროექტი ,,სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის 20 ივნისის დღის წესრიგში. 

14 ივნისს საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ BMG-ის განუცხადა, რომ ფონდის რეფორმირების პროცესი ჭიანურდებოდა, თუმცა საკმაოდ მალე ის სწრაფი ტემპებით დაიძრება. საუბარია ფონდის არსებული სტრუქტურის შეცვლაზე და მის რესტრუქტურიზაციაზე.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორი იქნება ფონდის დაფინანსების ზუსტი მოდელი, თუმცა დავით საგანელიძის განცხადებით, ის “ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება”.

„დიდი ხანია საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი ჭიანურდება, მაგრამ ბოლო ხანებში ეს საკითხი საკმაოდ დიდი ტემპით დაიძრა.

ჩემი პოზიციაა, რომ ამ სიტუაციაში ფონდი არ უნდა დაააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. სახელმწიფოს ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი და ფონდმა თავისით უნდა მოძებნოს დაფინანსების წყაროები. მესმის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთი ტიპის ფონდების დაფინანსება ბიუჯეტის ვალდებულებაა, მაგრამ ვფიქრობ, დაფინანსების მოძიება გარედანაც შეგვიძლია.

„დღეს ფორმალურად ვფლობთ ორ საწარმოს ანუ მათ მენეჯმენტში არ ვერევით და ასეთი კვაზი ფორმა ძალიან ცუდად აისახება ფონდის სუფთა საინვესტიციო საქმიანობაზე. სახელმწიფო საწარმოების დიდი ნაწილი ფონდის შემადგენლობიდან გასულია და დარჩა ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს რკინიგზა – არაა მარტივი პროცესი, რომ ერთი საწარმო აიღო და გადაიტანო სხვაგან… ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, რომ ეს ყველაფერი გასწორდეს და გასუფთავდეს.

ვფიქრობ, ეს ზაფხული საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საპარტნიორო ფონდიდან ყველა სახელმწიფო საწარმო გავიდეს და ჩვენ დაგვრჩეს სუფთა საინვესტიციო მიმართულებები – ის პროექტები, რომლებიც გვქონდა და ასევე, უკვე მოგვეცეს საშუალება, რომ ახალი პროექტებიც დავაფინანსოთ.

მოგეხსენებათ, დაახლოებით, ორი წელია ახალ პროექტებში არ შევდივართ. იმედი მაქვს, შემოდგომიდან ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, – აცხადებს დავით საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდის აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია “საქართველოს რკინიგზა” და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”. 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 195 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და თელასის 25%-იანი წილი.